воскресенье, 5 апреля 2015 г.

შუა საუკუნეების ხელოვნება

XIV-XV საუკუნეებში ევროპას ომები, შიმშილი და უსაშინლესი ეპიდემიები არყევენ და აზანზარებენ. ძველი სამყარო ფეოდალებთან ერთად წარსულს ჰბარდება და ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება ბურგში, დიჟონში თუ ფლანდრიაში. შუა საუკუნეების პირველ სამ საუკუნეში, მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. შეიქმნა სამონასტრო ორდენები: კლიუნი და სიტო, იყო ჯვაროსნული ომები, შეიქმნა რაინდთა წოდება, განვითარდა ხელოსნობა და ხელოვნება, რომელმაც საზოგადოებას ახალი სახე მისცა. XI საუკუნეში ტრანსპორტის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოგონებების წყალობით, ეკონომიკური და კომერციული ცხოვრება შეიცვალა. მუდამ სასარგებლო წყლის გზებმა მონოპოლია დაკარგეს. კომერციული ცხოვრება სრულებით შეიცვალა და გაუმჯობესდა. ამით სარგებლობენ როგორც ვაჭრები, ისე მდინარეებისაგან მოშორებულად მდებარე ქალაქებიც, რომელთაც ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა გააჩნდათ. სამეფო ხელისუფლების მიერ დაცული სოციალური ცხოვრება კი დიდად არ შეცვლილა. ისტორიის რაღაც ზიგზაგების მიუხედავად, ის უცვლელად, თაობებში ფესვგადგმული ჩვეულებების ატმოსფეროში მიედინება. ბატონობს მოკრძალებული კეთილდღეობა. ადამიანები ცხოვრების მონოტონურობის შერბილებას დღესასწაულების გამრავლებით ცდილობენ. ამ დღესასწაულების დროს, პროცესიები ქუჩებში გაშლილი ფერადი დროშებით დადიან. არავინ ჩივის, განსაკუთრებით კმაყოფილნი მედუქნეები არიან. არადა, დასავლეთის ეს სამსაუკუნოვანი ტრადიციული და რამდენადმე ლეთარგიული ცხოვრება მოულოდნელად და ტოტალურად იძრა. შედარებითი სიმშვიდის პერიოდი დრამათა, მტკივნეული ცვლილებების საუკუნემ შესცვალა. მრავლდება სიახლეები და გაოხრება-გატიალებები, მათ შემოქმედების რამოდენიმე ათწლეული მოჰყვა, მაგრამ თავად ეს სიახლეები ახალ საფრთხეებს ჰქმნიან. საფრანგეთში ეს ხანგრძლივი დრამატული განსაცდელი, რომელიც უკვე ორი თუ სამი წელი მწიფდებოდა, 1346 წლის 26 აგვისტოს კრესის უბედურებით დაიწყო, რომელსაც 1347 წელს ინგლისელების მიერ კალეს აღება მოჰყვა. ეს იყო დასაწყისი სამწუხარო ასწლიანი ომისა, რომელიც მთელი საფრანგეთის სამეფოს ერთი საუკუნის მანძილზე ააოხრებს და საშინლად გააღატაკებს. მაგრამ ესაა მხოლოდ შესავალი იმ ბევრად უფრო საშინელი მოვლენისა, რომელიც ამჯერად თავს მთელს ევროპას დაატყდება. 1348 წლის გაზაფხულზე თავს იჩენს დიდი შავი ჭირი. ის ინდოეთიდან მოვიდა, გემებმა ევროპაში ჩამოიტანეს. დაიწყო გამოუთქმელი ჟლეტა და სასაკლაო. 1348-1353 წლებში ზოგიერთი ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრა. ის მოკლა ან გააქცია შიშმა ან შიმშილმა. შიმშილის ჭირი "დიდი სიკვდილის" ჭირს დაემატა. გარკვეულ დროს, პარიზი დღეში 800 ადამიანს კარგავს, ანუ ყოველ დღე 800 კაცი კვდება. მემატიანე ფრუასარის თქმით, ამ უბედურებებისგან - შავი ჭირისგან და შიმშილისაგან ქვეყნის მესამედი ანუ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამ თავზარდამცემი ამბავის მნიშვნელობის კარგად გასაგებად, უნდა გავიხსენოთ რას წარმოადგენდა იმ დროისათვის საფრანგეთი, რომელიც ევროპის ყველაზე დასახლებული ქვეყანა გახლდათ. იმ დროს საფრანგეთში 15 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ფოტოზე: ნოტრ დამის ქიმერა, პარიზი / საფრანგეთი ამ უბედურებათა შედეგები ურიცხვია... სოციალური ცხოვრება მოიშალა, თავზარდაცემული, სასოწარკვეთილი ადამიანები მხეცდებოდნენ. მათ არსებობისთვის სასტიკი ბრძოლა უხდებოდათ. აოხრებული მონასტრები ვეღარ მონასტრობდნენ, სასულიერო წოდებას თავისი ფუნქციების შესრულება ძალიან უჭირდა. პაპების მკაცრი რეაქციების მიუხედავად, სასტიკი და შეუბრალებელი მოძრაობები გავრცელდა - როგორც ებრაელებს, ისე ქრისტიანებს ჭების მოწამლვას სდებდნენ ბრალად და ჟლეტდნენ. ამ დრო და დრო შესუსტებულ და გაძლიერებულ ეპიდემიას სხვა ეპიდემიებიც მოჰყვა. დასავლეთს დიდი უბედურება დაატყდა თავს 5 წლის მანძილზე, 1353 წლამდე, ხმელთაშუა ზღვიდან ისლანდიამდე. საფრანგეთში ამ აოხრებას ასწლიანი ომი დაემატა. დამშვიდების მოკლე პერიოდები თითქოს იმედს აჩენდნენ, მაგრამ ისინი მოსახლეობას უფრო აღატაკებდნენ, ვიდრე ამხნევებდნენ. ასწლიანი ომით გამოწვეულ აოხრებას სამოქალაქო ომით გამოწვეული აოხრება ემატებოდა. ქალაქებში ჯანყდებოდნენ წოდებები, გლეხები ჯანყდებოდნენ უცხოელთა და საკუთარი არისტოკრატიის წინააღმდეგ. ბრძოლების შეწყვეტის პერიოდში უსაქმოდ და უხელფასოდ დარჩენილი ჯარისკაცები, ყაჩაღების ბანდებად გადაიქცეოდნენ. ინგლისელები, ვალონები, გასკონელები, ჰოლანდიელები, ესპანელები, გერმანელები, ყაჩაღების და მკვლელების ბანდებს ქმნიდნენ. მათ თარეშს ბოლოს ვერაფერი უღებდა. დიდი ბანდები დათარეშობენ სოფლებში. გლეხები ველ-მინდვრებში უსაფრთხოდ ვეღარ იყვნენ. ეს ბანდები გარს შემოერტყნენ პარიზს. ლონდონიდან ტყვეობიდან დაბრუნებულმა მეფე იოანე კეთილმა დიდი ფული გადაუხადა ყაჩაღთა ბანდას, რომ თავის საკუთარ მამულზე გავლა და საკუთარ დედაქალაქში შესვლა შესძლებოდა. 1363 წელს, პარიზის ეპისკოპოსი ქალაქის კედლებს გარეთ გასვლას ვეღარ ჰბედავდა. მემატიანე ჟან დე ვენეტი იმ დროზე წერს: "ზარების ტკბილ ხმას აღარ აღვიძებს უფლის ხოტბა, მას მტრის შემოტევები აღვიძებს, ადამიანებო, თავს უშველეთ!" 1357 და 1360 წლებში ავინიონში თვით რომის პაპი დააყაჩაღეს. ავინიონის გალავანის და სასახლის მაშიკულები გადარეულ მოსახლეობას ძლივს იცავდნენ. დიდ ბანდებთან წარმატებით ბრძოლას მარტო ბერტრან დე გესკლა ახერხებდა. მისმა გამარჯვებებმა ის ეროვნულ გმირად აქცია. ბოლოს და ბოლოს პრობლემა მან ირგვლივ ყველას და ყველაფრის ტერორიზებით და ბანდების იტალიაში გაყრით გადაჭრა. მაგრამ დამშვიდება ხანმოკლე გამოდგა. არმანიაკების და ბურგუნდიელების ერთმანეთში ომი, ინგლისელებთან ომის განახლება და აზინკურის უბედურება 1415 წელს ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს. ინგლისის და საფრანგეთის ომი აღარ იყო სიუზერენის და ვასალის კინკლაობა, ის პირველად გადაიქცა საერთაშორისო ომად. ტრუას შეთანხმება, ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთეს საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ სტოვებს. მაგრამ ჟანა დარკის მიერ აგიზგიზებული ფრანგული პატრიოტიზმი მალე ეროვნულ გრძნობას ააღორძინებს. მისი ენთუზიაზმი ქვეყანას ფეხზე აყენებს. ინგლისელებს ორლეანის დატოვება მოუხდებათ... საფრანგეთს ახალ საფუძვლებზე წონასწორობის მოსაპოვებლად დრო დასჭირდა. სოფლის მეურნეობა და კომერცია მომსპარია. გზებზე ყაჩაღები თარეშობენ, ხმელთაშუა ზღვაში კი პირატები, რომლებმაც ყველა სავაჭრო გზა ჩაკეტეს. ომებისაგან განზე დარჩენილი ფლანდრია და იტალია ერთმანეთთან ახლა რაინის ხეობით ურთიერთობენ. კომერცია და სიმდიდრე საფრანგეთიდან ჟენევაში და ბურგუნდიაში გადავიდა, სადაც ჰერცოგ ფილიპე კეთილის კარი ბრწყინავს. აქ ძნელია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ნელი აღორძინების აღწერა. ამაზე ზრუნვაში კარლოს VI-ეს მხარს უჭერდა მისი მინისტრი ჟაკ კერი, ბურჟელი დაბაღის შვილი. ამ საქმეს შემდეგ დიდი მეფე ლუი XI გააგრძელებს. მაგრამ ასი წლის ომის შემდეგ აღმდგარი საფრანგეთი, შუა საუკუნეების საფრანგეთი აღარ გახლდათ. 1328 წელს ტახტზე ვალუათა გვარის წარმომადგენელთა ასვლისას, კაპეტინგების ყველა ინსტიტუტი უკვე დაშლილია. მათ ბოლო ომმა და სიღატაკემ მოუღეს. ფეოდალობა, რაინდობა, ეკლესია, უნივერსიტეტი, მუნიციპალიტეტები, კორპორაციები - ყველა ეს რეალობა ეპოქის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. საფრანგეთის კერა პარიზში აღარაა. მეფის კარმა ის გარკვეული დროით ბურჟში გასაჩერებლად მიატოვა. მაგრამ ყველაზე მეტად, მნიშვნელოვან ცენტრებს ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპე ამაყის კარი და ბერის ჰერცოგის იოანეს კარი უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სამეფო კარი დედაქალაქში. მხატვრები თავის შედევრებს დიჟონში და ბურჟში ჰქმნიან. ეპოქის დიდი თეოლოგი ჟერსონიც კი ბურგუნდიელია. ფეოდალურმა სისტემამ ღრმა ძვრა განიცადა ბურჟუაზიის ამაღლებით, ისევე როგორც მესამე წოდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით და გენერალურ შტატებში მისი მიღებით. ეკლესიისაგან გამოყოფილი რაინდობა რომანული სიკვდილით კვდება. 1374 წლის ვანსენის ბრძანებით დიუ გესკლას მიერ შექმნილი დაქირავებულთა მუდმივი არმია სამხედრო ფეოდალიზმის დასასრულს აღნიშნავს... დიუ გესკლამ ძალის და ეშმაკობის ერთდროულად გამომყენებელი კონდოტიერების ხანა გახსნა. ფეოდალური რაინდობის უკანასკნელი და ყველაზე მეომარი წარმომადგენელი, ნანსიში 1477 წელს გარდაცვლილი კარლოს მამაცი იქნება. ძველი სამყარო მიდის.

Комментариев нет:

Отправить комментарий